უსახელოურის შესახებ - მეღვინეობა თევზაძე

უსახელოურის შესახებ

უსახელოურის შესახებ

 

წითელყურძნიანი ვაზის ჯიში “უსახელოური” (უსახელაური) ლეჩხუმის ღვინოა. უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ცაგერის რაიონის სოფლების – ოყურეშის, ზუბის და ისუნდერის ვენახებიდან დაკრეფილი უსახელოურისგან მიიღება. იგი საინტერესოა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნახევრადტკბილი ღვინო მოსწონს. უსახელოური ძალიან მაღალმჟავიანი და მაღალშაქრიანი ყურძენია. ამ სიმჟავის და შაქრის ერთობა  საოცარი ნაზავია. მას აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა და საკმაოდ სხეულიანი და ტანინიანია. ძალიან მდიდარია ჯიშური არომატებითა და ველური კენკრის, ალუბლის, ბროწეულისა და იის ტონებით. ახასიათებს ძალზე ხანგრძლივი გემო.

უსახელოური, ძალიან გავს ადგილობრივ ველურ ჯიშებს. ამბობენ, რომ იგი ხვამლის ტყიდან არის ჩამოტანილი. რაც შეეხება უსახელობას, ადგილობრივებს თუ ვკითხავთ, გავიგებთ, რომ ისეთი კარგია, სახელი ვერავინ მოუფიქრაო. უსახელაურის საკარმიდამო ერთი პატარა ვიწრო ხეობაა, ყოველი მხრიდან მთებით არის შემოსაზღვრული. ერთი მხრიდან ხვამლის მთა აკრავს, საიდანაც მოვიდა ადამიანებთან, მეორე მხრიდან ასხის მთები. ამ პატარა ადგილას განსაკუთრებული ჰაერი და მიწაა. უსახელოურიც ამ მიწას ვერ შორდება. 

ვენახები ფერდებზეა დაკიდული. სადაც უამრავი მაყვალი, ასკილი და სხვა კენკრა ხარობს. ხეობაში მზე მალე ჩადის, მალე ეფარება რომელიმე მთას, ამიტომ სავენახე ფერდი აუცილებლად სამხრეთს უნდა უყურებდეს, ვაზი რომ მუდმივად მზის გულზე იყოს და სიტკბო შეიძინოს. საღამოს კი სწრაფად ეცემა ტემპერატურა, ღამით სიცივეა, ამ დროს უსახელოური მჟავიანობას აგროვებს. ამიტომაცაა უსახელოური შემართული, თამამი და ამავდროულად, ნაზი და ტკბილი.

გადმოცემით ვიგებთ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში უსახელოურის სახელი შორს გავარდა. მისით ტკბებოდნენ სამთავრობო დელეგაციები, განსაკუთრებული სტუმრები. ამბობენ, რომ პოტსდამის კონფერენციაზე ტრუმენსა და ჩერჩილსაც საჩუქრად სწორედ უსახელაური ერგოთ. ასევე, როგორც ცნობილია, იოსებ ჯუღაშვილი ქართული ღვინოებიდან, უპირატესობას ანიჭებდა უსახელოურს. სოფელ ოყურეშში დღესაც შემორჩენილია ის ქვევრი, რომელშიც აყენებდნენ ღვინოს კონკრეტულად სტალინისთვის. ასევე, ცნობილია რომ უხასელოური გასინჯული აქვს ბევრი ქვეყნის მეთაურს.

ამ უნიკალურ ჯიშს საქართველოში ბადალი არ ჰყავს. ხვანჭკარის ღვინის ჯიშებს აქებენ, მაგრამ უსახელოური მათზე უკეთესი და ძლიერი გამოდგა. მას 27-28% შაქრიანობა აქვს, სასიამოვნო სასმელია და ადვილად ათრობს. თუმცა მისი მირთმევა დიდი რაოდენობით მიღებული არ არის.